„გახსოვდეთ“: როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას – შინ გამოკეტილი ბავშვები
ჰეშამ ჰამოდა MD, MPH
ფსიქიატრი, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო
ასისტენტ პროფესორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლა
მედეა ზირაქაშვილი,
ბავშვთა ფსიქიატრი/ნევროლოგი
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
ბოლო პერიოდში კორონავირუსის ყველა კონტინენტზე და ყველა ქვეყანაში გავრცელებამ, ყოველდღიურმა უამრავმა ნეგატიურმა ინფორმაციამ და უსასოობის განცდამ განსხვავებული სიმძიმის ემოციური პრობლემები გააჩინა ზრდასრულებში. კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ხშირად, გაუგებარი ინფორმაციის ქარ-ცეცხლში მყოფი ბავშვები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რომ არ დავაგვიანოთ და ჩვენ შვილებს ამჟამინდელი ყოფის აუტანელი სიმძიმე შევუმსუბუქოთ (ცოტას შევცვლი და დავესესხები კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქიდან“) გთავაზობთ სხვადასხვა სანდო წყაროდან და საერთაშორისო პრაქტიკიდან მოძიებულ რეკომენდაციებს,რომლებიც “გახსოვდეთ” აბრევიატურის ქვეშ გავაერთიანეთ.
1. გაამხნევეთ თქვენი შვილები, არ დაუმალოთ ინფორმაცია და შეეცადეთ მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ კორონავირუსის შესახებ. დაარწმუნეთ ისინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ პროცესის მართვის სადავეები უფროსების ხელშია და თქვენ შეგიძლიათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მითუმეტეს რომ არ ატყუებთ. ხომ იცით, რომ ბავშვებში დაავადება იშვიათად ვრცელდება და მძიმე შემთხვევები პრაქტიკულად არ გვხვდება. ისინი ხომ თქვენ შემოგყურებენ, თქვენს რეაქციებს აკვირდებიან, თქვენი სიძლიერე ამხნევებთ. ბავშვები შესაძლოა, ხშირად სვამდნენ შეკითხვებს დაავადებასთან დაკავშირებით და ამან თქვენ არ უნდა გაგაღიზიანოთ, პირიქით, ყოველ ჯერზე გაუმეორეთ, როგორ ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე და ვერაფერს დააკლებთ კორონავირუსი.
2. აქტივობებში ჩართეთ და ასწავლეთ დახმარება, მაგ.: ჩართეთ სადილის მომზადების პროცესში. დაიხმარეთ წიგნების თაროების დალაგებაში, დაახარისხეთ ტანსაცმელი, ივარჯიშეთ ერთად. დღეში ნახევარი საათი გამოყავით სწავლისთვისაც, გამოიყენეთ სიტუაცია და ზრუნვის ფასი ასწავლეთ. გამოხატეთ დადებითი დამოკიდებულება იმაზე, თუ როგორ ზრუნავენ გულისხმიერი ექიმები ადამიანებზე. დაურეკეთ და მოიკითხეთ ასაკოვანი ახლობლები, გამოუცხვეთ გემრიელი ნამცხვრები, დაიხმარეთ, ერთად დაუწერეთ ბარათები და ერთად გაუგზავნეთ მათ.
3. ხარისხიანად და ეფექტურად გაატარეთ ოჯახური დრო – მიუხედავად იმისა, რომ უფროსებისთვის რთულია ამ პერიოდში არ მიეჯაჭვოთ ონლაინ აქტივობებს და სოციალურ ქსელებს, მაინც შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ შვილებთან. არა მხოლოდ იყოთ მათ სივრცეში, არამედ იურთიერთოთ მათთან. უყურეთ ფილმებს ერთად და იმსჯელეთ ნანახზე, წაუკითხეთ ზღაპრები და ნახატებით გადმოეცით მიღებული შთაბეჭდილებები, ხმამაღლა გაუზიარეთ ისინი ერთმანეთს. მოაწყვეთ ცეკვის საღამოები ან ძერწვის საათები. განახორციელეთ ონლაინ შეხვედრები მეგობარ ოჯახებთან, გამართეთ ვირტუალური წვეულებები.
4. სიმშვიდე შეინარჩუნეთ – ეცადეთ არ ისაუბროთ ბავშვის თანდასწრებით ქვეყანაში ამჟამად შექმნილ რთულ ეკონომიკურ და ჯანდაცვის მდგომარეობაზე, საკუთარ შიშებზე და სირთულეებზე კორონავირუსთან დაკავშირებით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ბავშვები იმეორებენ თქვენ ქცევებს და ნათქვამს. ეცადეთ, კარგად გეძინოთ, მიიღოთ ბევრი სითხეები და ჯანსაღი საკვებით იკვებოთ, რათა “გეყოთ ნერვები“, მშვიდად გაუძღვეთ ოჯახს. ახლა ის პერიოდია,როდესაც შესაძლოა თქვენი შვილი მეტად მიეჯაჭვოს ელექტრონულ მოწყობილობებს, მაგრამ თუ სხვანაირად ვერ უმკლავდებით მათ სახლში ყოფნას, ესეც არაუშავს, ეს მდგომარეობა ხომ დროებითია, დღეს ყველა ფორსმაჟორულ ყოფაში ვცხოვრობთ. მთავარია, ძალიან არ გაგექცეთ სადავეები.
5. ოთახი მოუწყვეთ კომფორტულად – წარმოიდგინეთ, თუ რამდენად რთულია ბავშვების ყოფა ამჟამინდელ მდგომარეობაში, არ დადიან ბაღში, სკოლაში, გასართობ ცენტრში, კინოთეატრში, თეატრში. სხვადასხვა წრეებზე სიარულიც შეჩერებული აქვთ, ვერ ხვდებიან მეგობრებს. შესაბამისად გარემო, სადაც ამ ეტაპზე უხდებათ ძალიან დიდი დროის გატარება, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული.
6. ვირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მიმართული რეკომენდაციები მიაწოდეთ ასაკის შესაბამისად, მათთვის ადვილად გასაგებ ენაზე. მოიყვანეთ მაგალითად მათი საყვარელი მულტფილმების გმირები, რომლებმაც უნდა დაამარცხონ “ბოროტი კორონავირუსი”. ბოროტი ძალები კი ადვილად სუსტდება ხელების ხშირი და სწორად დაბანით ან სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებით. ამ დროს თან უთხარით: “ჩვენ გამოვუშვებთ ჯადოსნურ ქაფს და შევებრძოლებით კორონას“ ან „დავასხამთ ჯადოსნური სითხეს და გავაქრობთ ბოროტ ვირუსებს“ და ა.შ.
7. ემოციების მართვაში დაეხმარეთ – სწორად მართეთ მათი ემოციები, მიეცით საშუალება, დასვან შეკითხვები. ასევე, თქვენც ჰკითხეთ, რას გრძნობენ არსებულ სიტუაციაში, როგორ ესმით, რა არის ის, რაზეც ამდენს საუბრობენ ბოლო პერიოდში. თქვენც გახსნილად ისაუბრეთ თქვენს ემოციებზე და მიეცით უარყოფითი ემოციებისგან ვენტილირების საშუალება. დაარწმუნეთ, რომ სასირცხვილო იმაში, რომ შესაძლოა ეშინოდეთ, არც არაფერია.
8. ემოციების მართვაში დაეხმარეთ – სწორად მართეთ მათი ემოციები, მიეცით საშუალება, დასვან შეკითხვები. ასევე, თქვენც ჰკითხეთ, რას გრძნობენ არსებულ სიტუაციაში, როგორ ესმით, რა არის ის, რაზეც ამდენს საუბრობენ ბოლო პერიოდში. თქვენც გახსნილად ისაუბრეთ თქვენს ემოციებზე და მიეცით უარყოფითი ემოციებისგან ვენტილირების საშუალება. დაარწმუნეთ, რომ სასირცხვილო იმაში, რომ შესაძლოა ეშინოდეთ, არც არაფერია.
9. თითოეული ჩვენთაგანის სწორად გადადგმული ნაბიჯი, დღევანდელ გამომწვევასთან ეფექტური გამკლავების საწინდარია. დაიცავით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და იყავით მშვიდად. გაუფრთხილდით საკუთარ და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას!